საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“ დაარსდა 1994 წლის 1 აპრილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდში, როდესაც ომმა და ჰუმანიტარულმა კრიზისმა ათასობით ადამიანი მძიმე ვითარებაში ჩააყენა.
ფონდის მთავარი ამოცანა იყო დევნილებისა და სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის გადაუდებელი დახმარების გაწევა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. შემწეობის ფარგლებში, წლების მანძილზე, ათასობით ოჯახს მიეწოდებოდა საკვები პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ნივთები და პირველადი საჭიროების რესურსები.
2000 წლიდან „ლაზარე“ გადავიდა განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებაზე, რაც ნიშნავდა ერთჯერადი მხარდაჭერიდან ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე, განათლებაზე, პროფესიული უნარების გაძლიერებასა და თვითდასაქმებაზე ფოკუსირებას. ფონდი ეტაპობრივად ჩაერთო პროფესიული განათლების, გადამზადებისა და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებში, რაც ბენეფიციარებს აძლევდა რეალურ შესაძლებლობას თავად გამხდარიყვნენ საკუთარი ეკონომიკური კეთილდღეობის შემქმნელები.
აღნიშნული ცვლილება ორგანიზაციის განვითარებაში გარდამავალ ეტაპად იქცა. ფონდმა ჩამოაყალიბა გრძელვადიანი ხედვა, გააძლიერა ინსტიტუციური შესაძლებლობები და მიღწეული შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფად, ხელი შეუწყო საქართველოს ეკლესიის სივრცეში ჩამოყალიბებულიყო ერთ-ერთი პირველი სახელობო მიმართულების პროფესიული კოლეჯი, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა პროფესიული განათლების სისტემური განვითარების გზაზე.
პარალელურად, ფონდმა მუშაობა გააფართოვა სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდასაჭერად. ამ დარგში განხორციელებული პროექტები ითვალისწინებდა რეგიონის მოსახლეობისათვის პროფესიული სწავლების ხელმისაწვდომობას, მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენებას, ხარისხიანი პროდუქციის წარმოებასა და საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
აღნიშნულმა საქმიანობამ განვითარება ჰპოვა კიდევ ერთ, პროფესიულ სასწავლებელში, რომელიც აგრარული პროფილით მუშაობს და სოფლად მცხოვრები ადამიანების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
„ლაზარეს“ საქმიანობის ასევე მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს, სამშვიდობო და ინტეგრაციის პროექტების განხორციელება, რომელსაც ფონდი 2007 წლიდან უწყვეტად ახორციელებს და მიზნად ისახავს, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და ნდობის განმტკიცებას. ინიციატივები ეფუძნება დიალოგს, თანამშრომლობასა და საერთო ღირებულებების გაზიარებას სხვადასხვა ეთნიკურ და კულტურულ ჯგუფებს, განსაკუთრებით ახალგაზრდების შორის, რაც ხელს უწყობს სტერეოტიპების დაძლევას, ურთიერთპატივისცემის გაღრმავებას და მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.
ფონდის მიზანი
ფონდის მიზანია, მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა, ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერება, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა და ქართულ დიასპორებში კულტურული იდენტობის შენარჩუნებაზე ზრუნვა.
„ლაზარე“ დღეს
დღეს ფონდი „ლაზარე“ საქართველოს ეკლესიის, სახელმწიფოს, საერთაშორისო დონორებისა და ადგილობრივი პარტნიორების თანადგომით, აქტიურად მუშაობს სამშვიდობო, ინტეგრაციის, კულტურულ-საგანმანათლებლო ინიციატივების, პროფესიული განათლების მხარდაჭერის, ასევე, ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების მიმართულებით და ქმნის რეალურ შესაძლებლობებს ღირსეული ცხოვრებისა და მშვიდობიანი მომავლისთვის.
