19–27 აგვისტოს, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდმა „ლაზარემ“ წელს კიდევ ერთი ახალგაზრდული სამშვიდობო ბანაკი გამართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 40-მა ქართველმა, აფხაზმა, სომეხმა და აზერბაიჯანელმა ახალგაზრდამ.
ბანაკმა ახალგაზრდებს მისცა შესაძლებლობა, ცხრა დღის განმავლობაში ერთად ეცხოვრათ, შეეძინათ ახალი ცოდნა და უნარები, ეთანამშრომლათ და უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი. ფონდ "ლაზარეს" მიერ შემუშავებული და აპრობირებული პროგრამა ისევ წარმატებით აერთიანებდა არაფორმალური განათლების აქტივობებს, ჯგუფურ მუშაობას, დისკუსიებს, გუნდურ სავარჯიშოებსა და შემოქმედებით ღონისძიებებს.
მონაწილეები სიხარულით ერთვებოდნენ ყველა აქტივობაში და ივითარებდნენ ერთმანეთის მოსმენის, ეფექტური კომუნიკაციის, თანამშრომლობის, განსხვავებული შეხედულებების პატივისცემისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის უნარებს. თუმცა ბანაკის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ის ყოველდღიური მომენტები იყო, როდესაც სწავლა ბუნებრივად გადაიზარდა ახლო ურთიერთობებში - საერთო ინტერესების აღმოჩენაში, კულტურის გაზიარებაში, საუბრებსა და მეგობრობაში.
„ლაზარესთვის“ ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები ფონდის სამშვიდობო პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, სადაც ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდები, ეძლევათ შესაძლებლობა უკეთ გაიცნონ ერთმანეთი, ჩამოუყალიბდეთ ნდობა და თანამშრომლობის კულტურა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მშვიდობიან ურთიერთობებს რეგიონულ დონეზე.
ბანაკი გაიმართა ფონდ "ლაზარეს" სამშვიდობო პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
