Skip to main content
„ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივის“ ფარგლებში ქართველი და ოსი ახალგაზრდების მორიგი გაცვლითი ბანაკი გაიმართა

მიმდინარე წლის 24 ივლისიდან 1 აგვისტომდე, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ პროექტის, - „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ - ფარგლებში, ქართველი და ოსი ახალგაზრდების მონაწილეობით  მორიგი ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა (საზაფხულო ბანაკი) გაიმართა.

პროექტის მთავარი მიზანია, ქართველ და ოს ახალგაზრდებს შორის ნდობის, ურთიერთპატივისცემისა და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბანაკში მონაწილეები ეცნობიან ერთმანეთის კულტურას, ტრადიციებსა და ცხოვრების წესს. ასეთი კავშირები  კი ამცირებს გაუცხოებას, ამსხვრევს სტერეოტიპებს და აყალიბებს კეთილგანწყობას.

ახალგაზრდულ გაცვლაში მონაწილეობა მიიღო 40-მა ახალგაზრდამ , - 20-მა ქართველმა და 20-მა ოსმა. ერთი კვირის განმავლობაში ისინი ერთად ცხოვრობდნენ, სწავლობდნენ, მუშაობდნენ და თავისუფალ დროს ატარებდნენ.

ყოველდღიური პროგრამა დაფუძნებული იყო არაფორმალური განათლების თანამედროვე მეთოდებზე. ახალგაზრდებმა შეისწავლეს კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის პრინციპები, ეფექტური კომუნიკაცია, დიალოგის კულტურა, ურთიერთპატივისცემა და ტოლერანტობა,  მიღებული ცოდნა კი, პრაქტიკულ აქტივობებში, გუნდურ მუშაობასა და ყოველდღიურ ურთიერთობებში განამტკიცეს.

ბანაკში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო კულტურულ გაცვლას. მონაწილეები ერთმანეთს აცნობდნენ ქართულ და ოსურ სიმღერებს, ცეკვებს, ტრადიციებსა და ეროვნულ კულტურას. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აქტივობა იყო ქართული და ოსური ენების გაკვეთილები, რომელმაც ახალგაზრდებს ერთმანეთის კულტურისადმი კიდევ უფრო დიდი ინტერესი და პატივისცემა გაუჩინა.

საგანმანათლებლო სესიებთან ერთად  პროგრამა მოიცავდა სპორტულ შეჯიბრებებს, ინტელექტუალურ თამაშებს, შემოქმედებით საღამოებს და გუნდურ აქტივობებს. თითოეული დღე მონაწილეებისთვის იყო ახალი გამოცდილების, ახალი მეგობრობისა და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ პროექტი ტარდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის ლოცვა-კურთხევით. მისი უწმინდესობის გადაწყვეტილებით, ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში სამშვიდობო და ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელება კვლავ გრძელდება, სადაც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ახალგაზრდებს ერთმანეთის გაცნობისა და მეგობრობის შესაძლებლობა ეძლევათ.

პროექტი დაფინანსებულია  საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა მიერ, რომელსაც 2019 წელს ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჩაეყარა საფუძველი და დღემდე ასობით ქართველ და ოს ახალგაზრდას აერთიანებს.