9-11 ივნისს, პროექტის - „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ - ფარგლებში, ფონდმა „ლაზარემ“ უმასპინძლა პედაგოგებს გურიის, იმერეთის და სამეგრელოს რეგიონებიდან მორიგ ტრეინინზე „სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა სასწავლო გარემოში“. მონაწილე პედაგოგებმა მეტი ინფორმაცია მიიღეს სამშვიდობო განათლების შესახებ, გაეცნენ როგორ შექმნან კლასში ისეთი გარემო, სადაც მოსწავლეები სწავლობენ მოსმენას, მიმღებლობას და კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრას. როცა პედაგოგმა იცის, როგორ გაზარდოს მოსწავლეებში ემპათია, ის ამზადებს თაობას, რომელსაც შეუძლია იურთიერთოს ადამიანებთან ნდობის, პატივისცემისა და თანამშრომლობის საფუძველზე, სტიგმების გარეშე და საზღვრების მიღმა. სწორედ ასეთი ნაბიჯები ამზადებს ნიადაგს ქართულ-ოსური ურთიერთობების აღსადგენად და ხელს უწყობს ისეთი საზოგადოების ფორმირებას, სადაც სხვადასხვა წარმომავლობა არა დაპირისპირების, არამედ ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობას ქმნის.
ფონდი „ლაზარე“ უკვე ექვს წელზე მეტია სამშვიდობო განათლებას ავითარებს საქართველოში. მოხარულები ვართ, რომ ამ პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.