12 ნოემბერს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. არგოხში, საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ პროექტის, - „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ (დონორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) - ფარგლებში დაფინანსებული, ამავე სოფლის საჯარო სკოლის პედაგოგის ქალბატონ ნონა პაპუნაშვილის მიერ წარმოდგენილი მიკროპროექტის - „კულტურული მრავალფეროვნება თემში“ - დასკვნითი ღონისძიება - ეთნოფესტივალი მოეწყო.
პროექტის მიზანი იყო ადგილობრივი მოსწავლე-ახალგაზრდობის, თემისა და სრულიად სასკოლო საზოგადოების ჩართულობით, სამ სოფელში - მაღრაანში, ფიჩხოვანსა და არგოხში მცხოვრები ეთნიკური ოსების, ქართველებისა და მათ შორის ეკომიგრანტების კულტურის, ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების უკეთ წარმოჩენა-გაცნობა, მოსახლეობასთან და უხუცესებთან გასაუბრება, თემატიკის შესაბამისი მასალების შეგროვება, მასზე დაყრდნობით კი მცირე დოკუმენტური ფილმისა და ბროშურის შექმნა.
ღონისძიებაზე წიგნის პრეზენტაციასთან ერთად წარმოდგენილი იყო კახური, სვანური, აჭარული, თუშური, მეგრული და ოსური მრავალწლოვანი ტრადიცია და კულტურა: სამზარეულო, ხელნაკეთი ნივთები, პოეზიის ნიმუშები, ცეკვა და სიმღერა.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა მუნიციპალიტეტის გამგეობის, საქველმოქმედო ფონდ „ლაზარესა“ და ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა, არგოხის საჯარო სკოლის დირექტორმა, პედაგოგებმა და სოფლის უხუცესებმა.
ფესტივალს განსაკუთრებული ელფერი შესძინა თემის მოსახლეობის ერთმანეთისადმი განსაკუთრებული პატივისცემისა და მიმღებლობის დამოკიდებულების წარმოჩენამ, რომელშიც დიდი წვლილი მასწავლებლებთან ერთად, სკოლის მოსწავლეებმაც შეიტანეს.
