სოფლის მეურნეობა ტრადიციულად საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს. ქვეყნის ნაყოფიერი ნიადაგი და მრავალფეროვანი კლიმატური პირობები მაღალი ხარისხის და ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ფართო შესაძლებლობას იძლევა. მიუხედავად ამისა, 2000-იანი წლების განმავლობაში დარგის განვითარებას გარკვეულწულად აფერხებდა დაბალი მოსავლიანობა, პროდუქციის ხარისხის პრობლემა და თანამედროვე აგრარული ცოდნისა და ტექნოლოგიების ნაკლებობა. აღნიშნულმა ვითარებამ ცხადყო ფერმერების გადამზადებისა და პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო ინიციატივების აუცილებლობა.
საქველმოქმედო ფონდმა „ლაზარემ“, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრა და 2014 წლიდან სხვადასხვა მასშტაბის საგანმანათლებლო და პრაქტიკული პროექტების განხორციელება დაიწყო.
პროექტი: „ფერმერთა სკოლა ნინოწმინდაში“ (2014–2016 წწ.)
2014 წელს ფონდმა „ლაზარემ“ შვეიცარიული ფონდის HEKS-EPER-ის მხარდაჭერით კახეთის რეგიონში დაიწყო პროექტი – „ფერმერთა სკოლა ნინოწმინდაში“, რომელიც 2016 წლამდე გაგრძელდა.
პროექტის მთავარი მიზანი იყო კახეთის რეგიონის ფერმერთა პროფესიული გადამზადება, აგრარული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება და შედეგად მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
მიზნის მისაღწევად განისაზღვრა სამი ძირითადი ამოცანა:
- სოფელ ნინოწმინდაში ფერმერთა სკოლის დაფუძნება და სოფლის მეურნეობის შერჩეულ მიმართულებებში (მეფუტკრეობა და მებოსტნეობა) უფასო სწავლების უზრუნველყოფა;
- კურსდამთავრებულთა მხარდაჭერა ბაზარზე ორიენტირებული პროდუქციის წარმოებაში, ბიზნეს უნარების განვითარებაში, ბაზართან დაკავშირებასა და შემოსავლის მიღებაში;
- მოწყვლადი ფერმერების საჭიროებების შესახებ სახელმწიფო უწყებების ინფორმირებულობის გაზრდა და პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.
პირველი ამოცანის ფარგლებში, სოფელ ნინოწმინდაში შეირჩა სახელმწიფოს ბალანსზე არსებული მიტოვებული შენობა, რომელიც ადგილობრივი მთავრობის დახმარებით, ფონდ „ლაზარეს“ დროებით სარგებლობაში გადაეცა. ნაგებობა სრულად გარემონტდა, შემოიღობა ეზო, მოეწყო თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კლასები, ბიბლიოთეკა, სამედიცინო ოთახი, სველი წერტილები და საწყობი.
სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად შეძენილ იქნა შესაბამისი ინვენტარი, ტექნიკა, ფუტკრის ოჯახები, სათბური და გაშენდა სადემონსტრაციო პრაქტიკული ნაკვეთი; მომზადდა შესაბამისი სახელმძღვანელოები.
სასწავლო პროცესის დაწყებამდე შეირჩა კვალიფიციური პედაგოგები და შემუშავდა სილაბუსები. ბენეფიციარები იყვნენ სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების მქონე პირები – როგორც დამწყები ფერმერები, ასევე პრაქტიკოსები, რომლებიც ცოდნის გაღრმავებას ისახავდნენ მიზნად.
სასწავლო პროგრამებში თითოეულ კურსზე სწავლების 60% პრაქტიკულ მეცადინეობებს დაეთმო. მეფუტკრეობის მიმართულებით მსმენელები ეუფლებოდნენ არა მხოლოდ თაფლის წარმოებას, არამედ ფუტკრის რძისა და ფუტკრის შხამის მიღებასაც. მებოსტნეობაში სწავლება მოიცავდა ბოსტნეული კულტურების მოყვანას ღია და დახურულ გრუნტში.
პროგრამები, ასევე დამატებით მოიცავდა მარკეტინგისა და მენეჯმენტის ტრენინგებს, ორგანული სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რისკების შემცირების საკითხებს, ფაკულტატურ ლექციებს გარემოს დაცვასა და ფერმერული მეურნეობის საჭიროებებზე, აგრეთვე სასწავლო ვიზიტებს დემო-ფერმებში.
მეორე ამოცანის ფარგლებში შეიქმნა კურსდამთავრებულთა ჯგუფები, რომლებმაც ფონდის მხარდაჭერით წამოიწყეს მცირე ბიზნეს საქმიანობა, როგორც მებოსტნეობის ისე მეფუტკრეობის მიმართულებით.
ფონდმა, კურსდამთავრებულთა პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ასევე უზრუნველყო ბენეფიციართა ბაზართან დაკავშირება - ორგანიზებული იქნა შეხვედრები მარკეტებთან, საბითუმო მოვაჭრეებთან და გადამამუშავებელ საწარმოებთან.
მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე, 2016 წელს ფონდმა „ლაზარემ“ პროექტის ბაზაზე დააფუძნა პროფესიული კოლეჯი „ფერმერთა სკოლა“, დაწესებულებას იმავე წელს მიენიჭა ავტორიზებული სტატუსი და ოთხი წლის განმავლობაში ახორციელებდა გრძელვადიან პროფესიულ პროგრამებს მეფუტკრეობასა და მებოსტნეობაში.
პროექტი „ფერმერთა სკოლის მხარდაჭერა“ - სასწავლო-პრაქტიკული ბაზის შექმნა“ (2016 წ.)
2016 წელს, საქართველოში ისრაელის საელჩოსა და მაშავის პროგრამის მხარდაჭერით, ფონდი „ლაზარე“ ჩაერთო სასწავლო-პრაქტიკული ბაზის განვითარების პროექტში. გრანტის ფარგლებში, პროფესიულ კოლეჯ „ფერმერთა სკოლის“ პრაქტიკული ბაზის მოწყობისთვის, საელჩოს დაფინანსებით, სოფელ ნინოწმინდაში შეძენილ იქნა 2 ჰა მიწის ნაკვეთი, სადაც გაშენდა ნახევრად ინტენსიური ხეხილის ბაღი. შეირჩა და დაირგო რეგიონისთვის შესაბამისი კულტურები და ჯიშები (ვაშლი, მსხალი, ატამი, გარგარი, ბალი, ალუბალი, ქლიავი, ნუში და სხვა), დამონტაჟდა წვეთოვანი სარწყავი სისტემა. აღნიშნული ბაღის გაშენებამ სკოლაში საუძველი ჩაუყარა მეხილეობის მიმართულების პროფესიული პროგრამების დანერგვას.
პროექტი „ფერმერთა სკოლა სართიჭალაში“ (2016–2019)
2016 წელს, ფონდმა „ლაზარემ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში შვეიცარული ფონდის HEKS-EPER-ის მხარდაჭერით დაიწყო კიდევ ერთი პროექტის, - „ფერმერთა სკოლა სართიჭალაში“, - განხორციელება, რომელიც 2019 წლის ბოლოს დასრულდა.
დაწყებამდე, წინასწარი კვლევის საფუძველზე, გამოვლინდა მოსახლეობის საჭიროებები და შედგა არაფორმალური სასერთიფიკატო პროგრემები: მებოსტნე, მეფუტკრე, ფერმერი, მეხილე და მეცხოველე. სწავლება მიმდინარეობდა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, რომლებიც მოწვეულნი იყვნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან.
სწავლების პრინციპი ამ პროექტშიც პრაქტიკაზე იყო დაფუძნებული; პროგრამები მოიცავდა ფერმის მართვას, მარკეტინგს, ბიო მეურნეობას, გარემოს დაცვას და სასწავლო ტურებს.
პროექტის ხელშეწყობით, კურსდამთავრებულებმა წამოიწყეს მცირე ბიზნეს საქმიანობა, - შეიძინეს სათესლე მასალები, ინვენტარი და პესტიციდები.
პროექტი: „კახეთის რეგიონის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცირე ფერმერების პროფესიული უნარების განვითარება“ (2020 წ.)
2020 წელს ფონდმა „ლაზარემ“ მიიღო გადაწყვეტილება „ფერმერთა სკოლას“ განეხორციელებინა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიანი პროგრამები და მხარდაჭერისთვის შემუშავდა პროექტი, სახელწოდებით: „კახეთის რეგიონის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცირე ფერმერების პროფესიული უნარების განვითარება“, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში დაფინანსდა.
პროექტის მიზანი იყო ,,ფერმერთა სკოლის“ შესაძლებლობების გაძლიერება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროფესიული მომზადების პროგრამების შექმნა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვება;
საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, გამოყენებულ იქნა ახალი მიდგომები და მეთოდები პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებაში, ასევე პროფესიული განათლების ხარისხის მართვის პროცესში. „ფერმერთა სკოლამ“ დანერგა ბაზრის საჭიროებებს მორგებული მაღალი ხარისხის სწავლების შესაძლებლობები, თანამშრომლობა გააძლიერა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან და პროფესიული განათლების ექსპერტებთან. ახალ საფეხურზე ავიდა „ფერმერთა სკოლის“ ხარისხის მართვის შიდა მექანიზმები, ადმინისტრაციული მენეჯმენტი და ინფრასტრუქტურული სისტემა.
პროექტი: „საარსებო წყაროს შენარჩუნება ფერმერებისთვის“ (2020 წ.)
აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს დაფინანსებით და ითვალისწინებდა COVID–19-ის რთულ პირობებში მცირე ფერმერთა მხარდაჭერას კახეთის რეგიონში, კერძოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.
დასახული მიზნის უზრუნველსაყოფად, ინიციატივა ორ შედეგზე იყო აგებული:
1. შესაბამის სასოფლო-სამეურნეო საშუალებებზე ფერმერთა წვდომის შესაძლებლობა;
2.ფერმერთა საჭიროებებზე დაფუძნებული, შესაბამისი დარგის ექსპერტთა მხარდაჭერა.
პროექტის თანახმად, უზრუნველყოფილი იყო აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროებების დასადგენად. მათი მოთხოვნების შესაბამისად, ფონდმა „ლაზარემ“ და „ფერმერთა სკოლამ“ აიღო პასუხისმგებლობა საჭირო სასოფლო-სამეურნეო საშუალებების (თესლი, სასუქი, ჰერბიციდები) შეძენაზე და ლოჯისტიკური საკითხების მოგვარებაზე. გარდა ამისა, დაიქირავა შესაბამისი ექსპერტები და შეთავაზებულ იქნა ინდივიდუალური კონსულტაციები თითოეული ბენეფიციარისთვის.
პროექტმა პირდაპირი წვლილი შეიტანა სამიზნე მუნიციპალიტეტის მცირე მეურნე ფერმერის მდგრადობის გაძლიერებაში.
პროექტი: „პროფესიული განათლების ხელშეწყობა ‘’ (2021-2025 წწ.)
ფონდმა „ლაზარემ“ საქართველოს საპატრიარქოსა და განათლების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, აღნიშნული პროექტი 5 წლის მანძილზე „ფერმერთა სკოლასთან ერთად წარმატებით განახორციელა, რომელიც მიზნად ისახავდა, ორგანიზაციის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას, სასწავლო და პრაქტიკული ბაზების განახლებას, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერებას, აგრარული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, მცირე და საშუალო ფერმერული საქმიანობის განვითარებას, დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის ხელშეწყობას, რაც საბოლოო ჯამში ემსახურებოდა საქართველოში სოფლის ეკონომიკურ გაძლიერებას, სიღარიბის შემცირებას და სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას.
