„ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ არის ფონდ „ლაზარეს“ გრძელვადიანი სამშვიდობო პროექტი, რომლის მიზანია, ქვეყანაში მდგრადი მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა, ქართველ და ოს ახალგაზრდებს შორის ნდობის აღდგენა, ტოლერანტობის გაძლიერება და მშვიდობიანი თანაცხოვრების კულტურის განვითარება.
პროექტი წარმოადგენს ფონდის მიერ განხორციელებული პროგრამის გაგრძელებას და ეფუძნება წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებასა და პრაქტიკულ შედეგებს. ინიციატივა ხორციელდება საპატრიარქოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.
სიტუაციის ანალიზი
ქართულ-ოსური კონფლიქტი სათავეს იღებს მე-20 საუკუნის მიწურულიდან და სამშვიდობო პროცესი კვლავ რთულ მდგომარეობაშია. საზოგადოებებში არსებობს სტერეოტიპები, ნდობის დეფიციტი და დიალოგის ნაკლებობა. სწორედ ამ რეალობის საპასუხოდ შეიქმნა „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“, რომელიც ახალგაზრდებსა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს აძლევს შესაძლებლობას, მშვიდობის მშენებლობაში აქტიური მონაწილეები გახდნენ.
ძირითადი ამოცანები
- ქართველ და ოს ახალგაზრდებს შორის მეგობრული და მშვიდობიანი ურთიერთობების ხელშეწყობა;
- სამშვიდობო განწყობების გაძლიერება საგანმანათლებლო სივრცეში;
- საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და მშვიდობის საკითხებზე.
სამიზნე ჯგუფი
- ეთნიკურად ქართველი და ოსი ახალგაზრდები;
- განათლების სფეროში მომუშავე სპეციალისტები;
- სკოლის პედაგოგები;
- ფართო საზოგადოება;
პროექტის ძირითადი აქტივობები:
საზაფხულო ბანაკის ლიდერების მომზადება
ყოველწლიურად, პროექტის ფარგლებში, კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 6 ახალგაზრდა (3 ქართველი და 3 ოსი, ასაკი 21–35 წელი), რომლებიც გადიან ხუთდღიან ინტენსიურ ტრენინგს შემდეგ თემებზე:
- ლიდერობა და ჯგუფის მართვა;
- ეფექტური კომუნიკაცია და ფასილიტაცია;
- კონფლიქტის ტრანსფორმაცია და მედიაცია;
- მოლაპარაკების სტრატეგიები;
- ტოლერანტობისა და სამართლიანობის ღირებულებები;
- ტრენერთა მომზადება (ToT);
ტრენინგის შედეგად ახალგაზრდა ლიდერები თავად უძღვებიან საზაფხულო ბანაკს და შემდგომ აქტივობებს.
საზაფხულო ბანაკი – ახალგაზრდული გაცვლა
პროექტის ცენტრალური აქტივობაა 10 დღიანი საზაფხულო გაცვლა/საზაფხულო ბანაკი, სადაც მონაწილეობას იღებს 15-დან 18 წლამდე 30 ქართველი და ოსი ახალგაზრდა (15 ქართველი, 15 ოსი)
ბანაკი იმართება ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციის ტერიტორიაზე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის გადაწყვეტილებით, დაეთმო საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ ახალგაზრდული და სამშვიდობო პროექტების განსახორციელებლად.
საზაფხულო ბანაკის ძირითადი ელემენტები
- კულტურათაშორისი ღონისძიებები;
- კონფლიქტის ტრანსფორმაციის ინტერაქტიური სესიები;
- არაფორმალური განათლების თამაშები;
- ქართული და ოსური ენის გაკვეთილები;
- ტრადიციებისა და კულინარიის საღამოები;
- სპორტული, ინტელექტუალური და გუნდური აქტივობები;
- საზეიმო გახსნისა და დახურვის ღონისძიებები.
პროგრამა არ განიხილავს კონფლიქტის პოლიტიკურ ასპექტებს, არამედ ყურადღებას ამახვილებს ურთიერთნდობის, თანამშრომლობისა და მეგობრობის ჩამოყალიბებაზე.
პედაგოგთა ტრენინგები
საზღვრისპირა და რეგიონული სკოლებიდან შერჩეული 15 მასწავლებელი მონაწილეობას იღებს შემდეგი თემატიკის ტრენინგში:
- სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა
- კონფლიქტის ტრანსფორმაცია სასწავლო პროცესში
- ციფრული უნარები და მედიაწიგნიერება
- პროექტის დიზაინი და სამშვიდობო ინიციატივების შექმნა
ტრენინგები ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოებაში პოზიტიური, მიმღები და ტოლერანტული გარემოს შექმნას.
სესიები სკოლებში
ქართულ და ოსურ სკოლებში, ყოველწლიურად ტარდება 4 საგანმანათლებლო სესია, რომელშიც ყოველწლიურად მონაწილეობს 100-მდე მოსწავლე. სესიები მოიცავს:
- კონფლიქტის არსისა და ფაზების განხილვას;
- სტერეოტიპების მართვას;
- ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობას;
- თემატური მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენებას და დისკუსიას;
საზოგადოებრივი ცნობიერების ამღლება
პროექტის ფარგლებში შექმნილია ონლაინ პლატფორმა, - „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“, რომელიც აერთიანებს 4000-ზე მეტ გამომწერს და ემსახურება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ქართულ-ოსური ურთიერთობების პოზიტიური მაგალითების წარმოჩენას და ინფორმაციის გაზიარებას.
მიკრო გრანტების პროგრამა
ინიციატივის ფარგლებში გამოცხადებული გრანტების კონკურსი მოიცავს სკოლებისა და თემებისთვის მცირე სამშვიდობო ინიციატივების მხარდაჭერას შემდეგ თემატიკაზე:
- მშვიდობა და ტოლერანტობა;
- კონფლიქტის მენეჯმენტი;
- ეთნიკური ინტეგრაცია;
- მედიაწიგნიერება და დეზინფორმაციასთან ბრძოლა.
ყოველწლიური მოსალოდნელი შედეგები
- 6 ახალგაზრდა ლიდერი გაძლიერდება ლიდერობისა და ფასილიტაციის მიმართულებით;
- 30 მოზარდი ჩამოაყალიბებს მეგობრულ კავშირებს და შეიძენს სამშვიდობო უნარებს;
- 100-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება სკოლებში გამართულ სესიებში;
- 15 მასწავლებელი გაიღრმავებს ცოდნას სამშვიდობო განათლებაში;
- მხარდაჭერილი იქნება მინიმუმ 3 მცირე სამშვიდობო ინიციატივა;
- ონლაინ პლატფორმის აუდიტორია მნიშვნელოვნად გაიზრდება.
პროექტის მნიშვნელობა
„ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ წარმოადგენს პრაქტიკულ ნაბიჯს ნდობის აღდგენის, სტერეოტიპების გადალახვისა და ახალგაზრდებში მშვიდობის კულტურის დამკვიდრების მიმართულებით.
პროექტი ქმნის სივრცეს, სადაც განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის ახალგაზრდები ერთმანეთის გაცნობით და თანამშრომლობით აშენებენ საერთო, მშვიდობიან მომავალს.
