2002–2006 წლებში საქველმოქმედო ფონდმა „ლაზარემ“, საერთაშორისო ორგანიზაციების - UNDP, USAID, World Bank, SDC და HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა თვითუზრუნველყოფის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა იძულებით გადაადგილებული ქალბატონების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში მათთვის მოეწყო სილამაზის სალონები და ჩატარდა პროფესიული ტრენინგები სტილისტის, კოსმეტოლოგისა და მასაჟისტის სპეციალობების დასაუფლებლად. პროექტმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბენეფიციართა დასაქმებასა და ფინანსურ დამოუკიდებლობას.
2006–2016 წლებში ფონდი „ლაზარე“ ახორციელებდა სახელობო-პროფესიული სწავლების პროექტს სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის (დონორები: HEKS-EPER და სს.თელასი).
პროექტის ფარგლებში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანადგომით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გამოიყო შესაბამისი ფართობი და მოეწყო სასწავლო სახელოსნოები. აღნიშნულ სივრცეში ბენეფიციარები უსასყიდლოდ ეუფლებოდნენ ხისა და ფერადი ლითონების დამუშავების ტექნოლოგიებს, კერვას, ხატვას, ელექტროობასა და სანიტარიულ-ტექნიკური სამუშაოების შესრულებას.
სასწავლო კურსების დასრულების შემდეგ, წარმატებულ და მოტივირებულ მოზარდებს მცირე ბიზნესის წამოსაწყებად საჩუქრად გადაეცემოდათ პროექტის ფარგლებში შეძენილი ინვენტარი და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა, რაც მათ თვითდასაქმებისა და შემოსავლის გენერირების რეალურ შესაძლებლობას აძლევდა.
მაღალი მოთხოვნის გამო, სასწავლო სახელოსნოები გაიხსნა რამდენიმე საჯარო და კერძო სკოლაშიც. იქ მოსწავლეები ეუფლებოდნენ მინის მხატვრული დამუშავების, თექისა და ფარდაგების ქსოვის ტექნიკას, რაც მათ შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებაში ეხმარებოდა.
2017 წლიდან ფონდმა „ლაზარემ“, საქართველოს საპატრიარქოსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, დაიწყო სახელობო მიმართულების მასშტაბური პროექტის განხორციელება, რომელიც 2019 წლამდე გაგრძელდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ფონდის მიერ შექმნილი სასწავლო სახელოსნოების ბაზაზე დაფუძნდა პროფესიული სასწავლებელი „სახელობო სკოლა“.
პროექტის თანახმად, ყველა სასწავლო სახელოსნო განთავსდა ერთ სივრცეში, რაც უზრუნველყოფდა სასწავლო პროცესის სისტემურობასა და ხარისხის ერთიან სტანდარტს. მსურველებისთვის შეიქმნა თანამედროვე ინფრასტრუქტურა და სწავლების ისეთი გარემო, სადაც ისინი მაღალკვალიფიციური პედაგოგების დახმარებით ეუფლებოდნენ არჩეულ სპეციალობებს თეორიული და პრაქტიკული სწავლების შერწყმით.
სასწავლო მიმართულებები მოიცავდა შემდეგ დარგებს:
ოქრომჭედლობა და მინანქარი
ოქრომჭედლობისა და მინანქრის სახელოსნოში მსმენელები ეუფლებოდნენ ფერადი ლითონების დამუშავების სხვადასხვა ტექნიკას, ძვირფასი და ნახევრადძვირფასი თვლებით სამკაულებისა და დეკორატიული ნივთების შემკობას, ასევე მინანქრის ტრადიციულ და თანამედროვე მეთოდებს.
თექა და დეკორატიული ხელოვნება
თექისა და დეკორატიული ხელოვნების სახელოსნოში ისწავლებოდა თექის ნაწარმის -მოსასხამების, ყელსაბამების, ლარნაკების, ჩანთებისა და სხვადასხვა დეკორატიული ტექსტილის დამზადება და მათი მხატვრული გაფორმება.
მინის მხატვრული დამუშავება
მინის მხატვრული დამუშავების სახელოსნოში მსმენელები სწავლობდნენ „ფიუზინგის“ ტექნიკით სამკაულებისა და დეკორატიული ნივთების შექმნას.
სამკერვალო მიმართულება
სამკერვალო სახელოსნოებში მსმენელები ეუფლებოდნენ ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის თარგების შექმნასა და სხვადასხვა ტიპის ქსოვილებისგან სამოსის შეკერვას.
****
პროფესიული სწავლების პარალელურად, „სახელობო სკოლა“ ორგანიზებას უწევდა მუზეუმებსა და გამოფენებზე საგანმანათლებლო ვიზიტებს. მსმენელები ეცნობოდნენ როგორც ისტორიული ეპოქის, ასევე თანამედროვე ხელოვანებისა და ოსტატების ნამუშევრებს. იმართებოდა სასწავლო პროცესში შექმნილი ნამუშევრების გამოფენები, რაც ზრდიდა ახალგაზრდების მოტივაციას და ხელს უწყობდა საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ეკლესიის ინიციატივით განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ.
„სახელობო სკოლის“ მისია მოიცავდა არა მხოლოდ საგანმანათლებლო სივრცის შექმნას და პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გადაცემას, არამედ კურსდამთავრებულთა დასაქმების, საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობასაც.
პროფესიული სწავლების პროექტების მეშვეობით დაახლოებით 1500-მდე მოზარდი და ახალგაზრდა დაეუფლა სხვადასხვა სპეციალობას, რამაც მათ მისცა შესაძლებლობა გამხდარიყვნენ ფინანსურად დამოუკიდებელნი და საკუთარი მომავალი საკუთარი ინტერესებისა და მიზნების შესაბამისად მოეწყოთ.
