მშვიდობის მშენებლობის ინიციატივები

პროექტის - „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში, მშვიდობის მშენებლობის ინიციატივების საკუთარ თემში განხორციელების მიზნით, ფონდმა „ლაზარემ“ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიის და საქართველოს მუსლიმური თემის წარმომადგენელ სასულიერო პირთა მიერ წარმოდგენილი სამი მიკროპროექტი დააფინანსა:
  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა ინიციატივა
2022 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში ჩატარდა შემოდგომის ფესტივალი: „შემოსულა ჩვენს ქუჩებში შემოდგომა ქართული“. შემოდგომის ფესტივალზე მოსწავლეებმა, რომელთა შორის არიან მუსულმანი ქართველები ზემო აჭარიდან, ტაო-კლარჯეთიდან, ჰერეთიდან, ფერეიდნიდან და ეკომიგრანტთა შვილები საქართველოს მაღალმთიანი რაიონებიდან, სტუმრებს წარუდგინეს სიმღერები, ფოლკლორი, ეთნოგრაფია, ხელნაკეთი ტრადიციული ნივთები, სამზარეულო და საქართველოს ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი ნაირსახეობანი. ბოლოსკი,ემოციურად დატვირთული პერფორმანსით კი მოსწავლეებმა, რომლებმაც აფხაზეთი და სამაჩაბლო წარმოადგინეს მეგობრობის, ერთიანობის და მშვიდობის გზავნილი გაუგზავნეს ოს და აფხაზ თანატოლებს.
  • სომხური სამოციქულო ეკლესიიის ინიციატივა
29 ნოემბერს, ბათუმის სომხური ეკლესიის სამრევლო სკოლის 15 ეთნიკურად სომეხი და ქართველი მოსწავლისათვისმოეწყო ექსკურსია ქუთაისში. ინიციატივის იდეა ემყარებოდა ეთნიკურად სომეხი ბავშვებისათვის საქართველოს ღირსშესანიშნაობების გაცნობას, სამრევლო კლასის მოსწავლეების დაახლოებასა და, ამ გზით, მშვიდობიანი თანაცხოვრების მაგალითის მიცემას. ექსკურსია დაიწყო ბათუმიდან და დასრულდა გელათის სამონასტრო კომპლექსში. 
  • მუსლიმური თემის წარმომადგენელთა ინიციატივა
23 დეკემბერს, ლანჩხუთის რაიონის სამი სოფლის (ნიგვზიანი, ჩიბათი, ლესა) სკოლის ბიბლიოთეკაში მოეწყო ,,მშვიდობის კუთხე”, რომელმაც გააერთიანა წიგნები სხვადასხვა რელიგიის, მათ შორის, ქრისტიანობისა და ისლამის შესახებ. ბიბლიოთეკის ფონდის შემეცნებითი ხასიათის ლიტერატურით შევსება სასკოლო ასაკის ბავშვებში რელიგიების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, ტოლერანტულობის გაზრდასა და მშვიდობიანი თანაცხოვრების იდეაზეა ორიენტირებული. ამის გარდა, დირექციასთან შეთანხმებით, სკოლებისთვის შეძენილ იქნა სხვა საჭირო მხატვრული ლიტერატურაც.
All for Joomla All for Webmasters