• მთავარი
  • სიახლეები
  • პედაგოგების მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული მორიგი პროექტი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ

პედაგოგების მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული მორიგი პროექტი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ

საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" პროექტის - "ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა" (დონორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო)- ფარგლებში გამოცხადებული პედაგოგების მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული მორიგი პროექტი გორის N10 სკოლის პედაგოგის, მარიამ გასიტაშვილის მიერ განხორციელდა.

 „ონლაინ სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მასწავლებლებს შორის გამოცდილების გაზიარებას. პანდემიის გამო სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას თითოეული მასწავლებელი. ონლაინ სწავლებაზე გადასვლა მოითხოვს მასწავლებლისგან ციფრული რესურსების აქტიურ გამოყენებას, რათა აღნიშნული ფორმატის გაკვეთილები იყოს მოსწავლეთათვის საინტერესო და მრავალფეროვანი. მასწავლებელების სამუშაო შეხვედრები და კონფერენციები, მათ მიერ წარმატებული პრაქტიკის გაზიარება დაეხმარება კოლეგებს ონლაინ საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებაში და პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებაში" -აცხადებს ქალბატონი მარიამი.

2021 წლის 11 ნოემბერს გაიმართა მასწავლებლების კონფერენცია "ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების საუკეთესო პრაქტიკა", რომელსაც ესწრებოდნენ გორისა და გორის რაიონის სკოლებში მოღვაწე მასწავლებლები. ინიციატივის მიზანი იყო მასწავლებელთა შორის საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება და თანამშრომლობითი კულტურის განვითარება. კონფერენციაზე დასასწრებად მასწავლებლებმა გაიარეს ონლაინ რეგისტრაცია, წარმოადგინეს საკონფერენციო თემები, საორგანიზაციო ჯგუფმა კი განიხილა თემები და მოიწვია შერჩეული თემების ავტორი პედაგოგები.

საკონფერენციო პროგრამა საკმაოდ დატვირთული და საინტერესო გამოვიდა. ღონისძიების მიმართ იყო საკმაოდ მაღალი ინტერესი (ესწრებოდა 30 პედაგოგი). წარმოდგენილი იყო 14 თემა, ორმა პედაგოგმა საკონფერენციო თემის პრეზენტაცია მოახდინა ონლაინ, დისტანციურად, სადაც განხილული იყო საინტერესო და აქტუალური თემები: ინკლუზიური განათლების, არაფორმალური განათლების, ონლაინ სწავლების გამოწვევების, პროექტული სწავლების, სხვადასხვა ელექტრონული რესურსების ეფექტურად გამოყენების, ვირტუალური ლაბორატორიის და თანამედროვე უნარების განვითარების შესახებ. ასევე, მოეწყო მასწავლებლების მიერ შექმნილი რესურსების გამოფენა და დათვალიერება.

დასარულს, მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

All for Joomla All for Webmasters