• მთავარი
  • სიახლეები
  • პედაგოგების მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული მიკრო პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა

პედაგოგების მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული მიკრო პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა

საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" პროექტის - "ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა" - ფარგლებში გამოცხადებული პედაგოგების მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი გოტის N4 საჯარო სკოლისა და ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მასწავლებლების ორგანიზებით განხორციელდა. სამშვიდობო ინიციატივის მიზანი იყო ქართველი და ოსი ახალგაზრდების დამეგობრების საშუალებით, სამშვიდობო ურთიერთობების, ტოლერანტობის, კონფლიქტის მენეჯმენტისა და ტრანსფორმაციის სწავლების ხელშეწყობა.

ინიციატივაში ჩართულები იყვნენ სსიპ ქ. გორის N4 საჯარო სკოლის, ასევე ერგნეთ - მამისაანთუბნის საჯარო სკოლისა და წითელუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები. პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგი, რომელიც ეხებოდა მშვიდობის რაობას და მისი სწავლების ხელშეწყობას, ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის მნიშვნელობას მშვიდობის შენარჩუნების პროცესში. ასევე კონფლიქტის სახეებს, მათი მართვის, მოგვარებისა და ტრანსფორმაციის შესაძლებლობას. ტრენინგი ინტერაქტიური იყო, სხვადასხვა აქტივობებით დატვირთული, მოსწავლეთა შემადგენლობა კი მრავალფეროვანი, ესწრებოდნენ მოსწავლეები როგორც ქართული, ასევე ქართულ - ოსური შერეული ოჯახებიდან, რომელიც მრავლადაა შექმნილი ჩვენს ქვეყანაში და ცხადყოფს ამ ორი ერის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას.ტრენინგის შემდეგ მოსწავლეებმა ქართულ- ოსური მეგობრობის ხეივანში ხეები დარგეს. მეგობრობის ხეივნის მოწყობას საფუძველი ჯერ კიდევ 2020 წელს ჩაეყარა.

მოგვიანებით, მოსწავლეები ესტუმრნენ ქალბატონ ლია ჩლაჩიძეს, რომელსაც სოფელ ერგნეთში, საკუთ სახლში, საკუთარი სახსრებით, 2008 წლის თემაზე მუზეუმი აქვს მოწყობილი. მან დეტალურად ისაუბრა ომის საშინელებასა და იმ მტკივნეულ ფაქტებზე, რომელიც 2008 წლის ომის დროს და მის შემდეგ დაატყდა თავს ქვეყანას, განსაკუთრებით საზღვრისპირა სოფლებს. ქალბატონმა ლიამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ომმა, ნგრევისა და მატერიალური ზარალის გარდა დააზიანა ქართულ - ოსური ურთიერთობები.

მუზეუმის შემდეგ პროექტის მონაწილეები ადგილობრივ ოჯახს, ირმა ტეხოვს, ესტუმრნენ, რომელიც ოსური ტრადიციული ხაბიზგინათი გაუმასპინძლდა. მოსწავლეებმა 2008 წლის ომში დაღუპული შინდისის გმირებიც გაიხსენეს და მათი მემორიალი მოინახულეს.

11 ნოემბერს, პროექტის „ქართულ - ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ მეორე ნაწილი გაიმართა. პროექტის ამ ეტაპზე, სსიპ ქ. გორის N4 საჯარო სკოლისა და ერგნეთ - მამისაანთუბნის სკოლის პედაგოგმა დალი ედილაშვილმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „ომის გავლენა გეოგრაფიულ გარსზე“. მან ყურადღება იმ დამანგრეველ შედეგებზე გაამახვილა, რომელიც ომსა და შეიარაღებულ კონფლიქტებს მოაქვთ, როგორც ადამიანის საცხოვრებელი გარემოსთვის, ასევე პლანეტისა და მისი გარსისათვის.

ტრენინგის მომდევნო ნაწილი ქართულ - ოსურ ტრადიციებს დაეთმო, მათ მსგავსება - განსხვავებებსა და ქართულ ოსური ურთერთობების მრავალწლიან გამოცდილებაზე ერგნეთ - მამისააანთუბნის ხელოვნების პედაგოგმა ნინო დოიჯაშვილმა ისაუბრა.

ტრენინგები იყო პრაქტიკული დავალებებით დატვირთული და ინტერაქტიური. დასარულს, პროექტის შეჯამების სახით, მე-4 საჯარო სკოლისა და ერგნეთ- მამისაანთუბნის მოსწავლეები გორის ისტორიულ - ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვივნენ. მათ დაათვალიერეს ის არტეფაქტები, რომლებიც ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. ბოლოს კი მოკლე დისკუსია გაიმართა ქართულ - ოსური ურთიერთობების თაობაზე.

პროექტის მხარდამჭერები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო და საქართველოს საპატრიარქო.

All for Joomla All for Webmasters