• მთავარი
  • ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა ქართველი, აფხაზი, სომეხი და აზერბაიჯანელი მოზარდებისთვის

ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა ქართველი, აფხაზი, სომეხი და აზერბაიჯანელი მოზარდებისთვის

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“, შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS-EPER-ის მხარდაჭერით, 2007 წლიდან ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობის მშენებლობას ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აზრთა ლიდერების ჩართულობით.

ფონდი „ლაზარე“, ტრადიციულად, წელსაც, 21-30 ივლისს, ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში პროექტის მთავარ კომპონენტს – ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამას (საზაფხულო ბანაკს) მართავს, სადაც მონაწილეობას იღებს ქართველი, აფხაზი, სომეხი და აზერბაიჯანელი 45 ახალგაზრდა. ბანაკის პროგრამა შედგება შემდეგი ძირითადი ნაწილებისგან: არაფორმალური თამაშები მონაწილეთა ურთიერთგაცნობისა და გუნდების ჩამოყალიბებისათვის, კინოჩვენებები და დისკუსიები, სპორტული და ინტელექტუალური შეჯიბრებები, სესიები კონფლიქტების მედიაციასა და ტრანსფორმაციაში, ტოლერანტობის, თანასწორობისა და მრავალფეროვნების მიმღებლობაში.

საზაფხულო ბანაკში მოზარდები ერთმანეთს ასწავლიან თავიანთ ეროვნულ ცეკვებსა და სიმღერებს, უზიარებენ ტრადიციებს, ხალხურ თქმულებებსა და ლეგენდებს; ენის გაკვეთილებზე სწავლობენ ქართულ, აფხაზურ, სომხურ და აზერბაიჯანულ სიტყვებს. დღის ბოლოს კი წარადგენენ თემატურ აქტივობებს, რომლებიც დაფუძნებულია ერთობაზე და ახალგაზრდებს ეხმარება გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარებაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გადაწყვეტილებით, კავკასიის რეგიონში მშვიდობის მშენებლობისა და განმტკიცების ხელშეწყობისათვის საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს" ახალგაზრდული სამშვიდობო პროექტების ჩასატარებლად დაეთმო ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენცია, სადაც მომავალი თაობის აქტიური ჩართულობით საფუძველი ეყრება სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიან გადაჭრას, ძალისმიერი მეთოდების უგულებელყოფასა და მხარეებს შორის დიალოგის დაწყების სულისკვეთებას.

All for Joomla All for Webmasters